ზედმეტი ხმაურის გავლენა სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში

ჩვენი შვილები ბევრ დროს ატარებენ ჯერ საბავშვო ბაღში, შემდეგ დაწყებით სკოლაში და უნივერსიტეტში. იმისათვის, რომ წარმატებულნი იყვნენ ზრდასრულ ცხოვრებაში, მათ უნდა ისწავლონ მოსმენა, კონცენტრირება, დამახსოვრება და მიღებული უნარ-ჩვევების გამოყენება. სამწუხაროდ, დღეისათვის გამოყენებული საკლასო ოთახების უმეტესობა ვერ პასუხობს სასწავლო პროცესის მოთხოვნებს. კვლევებმა აჩვენა, რომ გაუაზრებელი აკუსტიკის მქონე კლასებში მოსწავლეებს ცუდად ესმით მასწავლებლის სიტყვები და უარესდება მოკლევადიანი და გრძელვადიანი მეხსიერება. შედეგად, ისინი უფრო ნაკლებად კონცენტრირებულნი არიან, უარესად აღიქვამენ ტექსტს, განიცდიან მეტ დატვირთვას და იღებენ უფრო დაბალ ნიშნებს.

სურათი სრულიად იცვლება, თუ შენობის აკუსტიკა გამართულია. მოსწავლეები უკეთ აღიქვამენ ნათქვამს (სმენადობა იზრდება 25%-მდე), უფრო ყურადღებით არიან მეცადინეობისას, უფრო სწრაფად კითხულობენ და შესაბამისად, იზრდება მოსწრებაც. უსამართლობაა ბავშვმა მიიღოს ნაკლები შესაძლებლობები  მხოლოდ სკოლის ცუდი აკუსტიკის გამო. „აკუსტო“ ორიენტირებულია სწავლისა და სწავლების მხარდაჭერაზე ნებისმიერ სკოლაში, ნებისმიერ კლასში. 

წარმატებული კომუნიკაციის განმსაზღვრელი ფაქტორი არის იმ დაბალსიხშირული ფონური ხმაურის (ექოს, ჩურჩულის, გადაადგილების, ვენტილაციის, საპროექციო მოწყობილობის ხმების) მინიმიზება, რომელიც ამახინჯებს მეტყველებას და აძნელებს აღქმას.

ასაკის მიხედვით იცვლება ბავშვთა მოთხოვნილებები, სასწავლო საგნები.  გარდა ამისა, სასწავლო კლასი, სასადილო თუ სპორტული დარბაზი  სხვადასხვა კატეგორიის ოთახებია. სწორედ ამიტომ, აკუტიკური პროექტიებისას  გასათვალისწინებელია ოთახის დანიშნულება, მასში ხშირად მყოფ ადამიანთა რაოდენობა და ასაკი. ჩვენი აკუსტიკური გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ ხელსაყრელი ხმოვანი გარემოს შექმნაში სკოლაში და მასწავლებლები და მოსწავლეები შეძლებენ ნაყოფიერად იმუშაონ მთელი დღე.

სასწავლო პროცესისათვის მეტად მნიშვნელოვანია ფონური დაბალსიხშირული ხმაურების შემცირება და ოთახში კომფორტული აკუსტიკური გარემოს შექმნა. ამ მარტივ მოთხოვნათა შესრულება მომგებიანია როგორც მოსწავლეთა, ისე მასწავლებელთათვის.

 კარგი აკუსტიკის ძირითად უპირატესობებს შორის აღსანიშნავია:

  მოსწავლეთა და სტუდენტთათვის:

• მეტყველების უკეთესი აღქმა

• მასალის უკეთესი ათვისება როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან მეხსიერებაში

• ტექსტის უკეთესი აღქმა

• სტრესის დონისა და არტერიული წნევის        შემცირება

მასწავლებელთათვის:

• მეტყველების უკეთესი გარჩევადობა

• მოსწავლეთა მეტყველების უკეთესი აღქმა

• ხმოვანი იოგების ნაკლები დაღლა

• სტრესის დონისა და არტერიული წნევის შემცირება

მოსწავლეებში  ჩატარებული კვლევების შედეგები

- ფონური ხმაურის მომატება 10 დბ-ით იწვევს ინფორმაციის ათვისების კლებას საშუალოდ 5-7%-ით;

- სწორი აკუსტიკური გარემო მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეამცირონ ლაპარაკის ხმის სიძლიერე 10 დბ-ით;

- სწორ აკუსტიკურ გარემოში მოწაფეთა მიერ მეტყველების აღქმა იზრდება 25%-ით;

- სწორ აკუსტიკურ გარემოში მოწაფეები უფრო ხალისით ერთვებიან ჯგუფურ აქტივობებში;

- ჯგუფებში ხმაურის საერთო დონე მცირდება 13 დბ-ით;

- სწორ აკუსტიკურ გარემოში მოწაფეები უფრო ბეჯითები არიან და ნაკლებად იღლებიან;

- სწორ აკუსტიკურ გარემოში მოსწავლეთა მიერ შექმნილი ფონური ხმაური მცირდება 9 დბ-ით;

-კვლევის მიხედვით,  საშუალო სკოლებში 21%-მდე მოსწავლე თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ ე.წ. „მგრძნობიარე“ მსმენელებს. ეს შეიძლება იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ არამშობლიურ ენაზე, ინტროვერტები, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის ან აუტიზმის მქონე მოსწავლეები, გაცივებული ან სმენადაქვეითებული ბავშვები;

მასწავლებლებში ჩატარებული კვლევების შედეგები

- სწორ აკუსტიკურ გარემოში გულის რიტმი ნელდება წუთში 10 ბიძგით;

- მასწავლებლები 32-ჯერ უფრო ხშირად განიცდიან ხმოვანი იოგების პრობლემებს, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანები, რადგან აკუსტიკურად მოუწყობელ კლასში საუბრის გარჩევადობა დაბალია და მათ უწევთ ხმამაღლა ლაპარაკი;

- მასწავლებელთა 80% განიცდის იოგებისა და ყელის პრობლემებს: მაგალითად, ემართებათ ლარინგიტი, ხმის დაკარგვა და ყელის ინფექციური დაავადებები. სხვა ადამიანებში ეს მაჩვენებელი შეადგენს 5%-ს;

საკლასო ოთახები

როგორც წესი, ბავშვები და მასწავლებლები კლასში ატარებენ დღეში რვა საათამდე. ამიტომ ოთახები დაპროექტებული უნდა იყოს იმგვარად, რომ დაეხმაროს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, თავი იგრძნონ კომფორტულად. კლასი შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც ტრადიციული სწავლისათვის (როდესაც მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს, ისინი კი უსმენენ) ისე ჯგუფური სწავლებისთვისაც, როდესაც მასწავლებელი მოძრაობს კლასში, ხოლო მოსწავლეები დანაწილებულნი არიან ჯგუფებად კონკრეტული თემების განსახილველად. კარგი აკუსტიკის მქონე კლასში მასწავლებლის ხმას ადვილად და მკაფიოდ ესმის ყველა მოსწავლეს. ჯგუფში კი მეტყველების სიმაღლე არ იზრდება, არ ვრცელდება და ხელს არ უშლის სხვებს.

ოპტიმალური პირობების შესაქმნელად აუცილებელია ხმაურის დონის შემცირება, და ფონური, განსაკუთრებით დაბალსიხშირული ბგერების მინიმიზება. ამის მიზეზი იმაშია, რომ დაბალი სიხშირის ბგერა ახშობს მეტყველებას, იწვევს გაღიზიანებას და მთლიანად აძნელებს ნორმალურ ურთიერთობას.

 

მიზანი: ხმაურის დონის შემცირება, დაბალსიხშირული ფონური ხმაურის მინიმიზება, მეტყველების გარჩევადობის უზრუნველყოფა, ლექტორისა და მსმენელის კომფორტის ხელშეწყობა, ექოს გამორიცხვა.

დერეფნები

კაბინეტიდან კაბინეტში გადაადგილებისას მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა უნდა მოასწრონ დასვენება და მომზადება შემდეგი გაკვეთილისათვის. ამასთანავე, დერეფნები და დასვენების ზონები სულ უფრო მრავალფუნქციური ხდება,  გამოიყენება რა სწავლებისა და ჯგუფური მეცადინეობისათვის. ადამიანები მუდმივად გადაადგილდებიან კლასიდან კლასში, მოსწავლეები ურთიერთობენ და თამაშობენ, მეცადინეობენ ჯგუფებში თუ ინდივიდუალურად.  ამ ყველაფრისგან გამოწვეული ხმაური აღწევს ყველგან, კლასებს შორისაც კი, ამიტომ ხელსაყრელი აკუსტიკური გარემოს შესაქმნელად პირველ რიგში საჭიროა ხმის გავრცელების შეჩერება.

მიზანი: შევამციროთ ხმაურის დონე და არ დავუშვათ ხმის გავრცელება.

სპორტული დარბაზები

სპორტულ დარბაზებში ჩატარებულ მეცადინეობათა დიდი ნაწილი ძალიან ხმაურიანია. ბურთით თამაში ამ კუთხით აბსოლუტური რეკორდსმენია. ხმაურის მაღალი დონე ხელს უშლის მოსწავლეებსა და მოთამაშეებს ერთმანეთის გაგებაში, მასწავლებლებსა და მწრთვნელებს კი - ოპერატიულად და მკაფიოდ მითითებების მიცემაში ისე, რომ ამ დროს არ დაძაბონ იოგები. იმის გამო, რომ ხმის მიწვდენა ძნელია, მასწავლებლებმა შეიძლება თავიდან ვერ აიცილონ შესაძლო უბედური შემთხვევები. მოსწავლეები უბრალოდ ვერ გაიგებენ გაფრთხილებას. კარგი აკუსტიკის მქონე სპორტულ დარბაზში ხმაურის დონე მაქსიმალურად დაბალია, ექო არ არის, ადამიანებს შეუძლიათ ნორმალური ტონით ლაპარაკი, და სხვები მათ ამ დროს გაუგებენ. სპორტულ დარბაზებში მიმდინარე აქტიური მეცადინეობების გამო აუცილებელია, რომ აკუსტიკური სისტემები იყოს აგრეთვე დარტყმაგამძლე და უსაფრთხო.

 

მიზანი: შემცირდეს ხმაურის დონე და გაუმჯობესდეს მეტყველების გარჩევადობა კედლებისაგან ბგერის არეკლვის თავიდან აცილების ხარჯზე.

საბავშვო ბაღები

ბავშვები მუდმივად იკვლევენ და შეიმეცნებენ ყოველივე ახალს. ოღონდ ამას აკეთებენ ძალიან ხმაურიანად. ასე რომ როდესაც ბავშვები ერთად იკრიბებიან საბავშვო ბაღში ან დაწყებით სკოლაში, ხმაურის დონე ადვილად აჭარბებს ხოლმე დასაშვებ ზღვარს. ცხადია, ბავშვებს უჭირთ ერთმანეთის მოსმენა, მასწავლებელს კი - მათთან საუბარი. შედეგად გვაქვს ხმამაღალი, დამღლელი და მძიმე ატმოსფერო, რომელშიც მასწავლებელი იძულებულია მუდმივად აუწიოს ხმას, რათა მისი ნათქვამი გაიგონ. იმისათვის, რომ ბავშვებმა და მასწავლებლებმა თავი იგრძნონ როგორც საკუთარ სახლში და სიამოვნება მიიღონ სწავლისა და სწავლებისაგან, მეტად მნიშვნელოვანია, რომ ხმაურის დონე შემცირდეს, ხოლო ხმა არ გავრცელდეს მთელ ოთახში.

 

მიზანი: ხმაურის დონის შემცირება, კედლებიდან ბგერის არეკლვისა და ექოს წარმოქმნის თავიდან აცილება.

უნივერსიტეტები

უნივერსიტეტებში ლექციების მნიშვნელოვანი ნაწილი ტარდება დიდ აუდიტორიებში ან სალექციო დარბაზებში. ბუნებრივია, სტუდენტთა დიდი ნაწილი ზის ლექტორისაგან შორს. იმისათვის, რომ სტუდენტმა წარმატებულად ისწავლოს, მნიშვნელოვანია, რომ ლექტორის არეკლილი ხმა მოიცავდეს აუდიტორიის მთელ ფართობს, ჟღერდეს მკაფიოდ და გარკვევით, ხმის აწევის საჭიროების გარეშე. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია მაქსიმალურად გამოვრიცხოთ ნებისმიერი დამახინჯება, რაც გამოწვეულია ექოთი და ფონური ხმაურით (  ვენტილაციისაგან, პროექტორისა და სხვა ტექნიკური მოწყობილობებისაგან მომავალი დაბალსიხშირული ხმაური) . თუ გამოიყენება ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, მნიშვნელოვანია, რომ ის დაკორექტებული იყოს აუდიტორიისა თუ სალექციო დარბაზის ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით.

 

ამოცანა: გავზარდოთ მეტყველების გარჩევადობა, სმენადობა და მინიმუმზე დავიყვანოთ ექო.